ოპოზიციის მოთხოვნების უმეტესობა გაზიარებულია – ბურჯანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის 17 მოთხოვნიდან ”უმეტესობა პოზიტიურად არის გადაწყვეტილი”, რაც აისახება მმართველი პარტიის საპასუხო მემორანდუმში, რომელიც დღეს საბოლოო სახეს მიიღებს.


”მე იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ შეთანხმებას, თუ ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც იმიტომ, რომ ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სერიოზულად გადგმული, რომელსაც პირველ ყოვლისა ოპოზიცია გაეცნობა და შემდეგ, ბუნებრივია საზოგადოებასაც ექნება შესაძლებლობა გაეცნოს,”- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს.


თუმცა მან იქვე აღნიშნა: ”თანამდებობის პირებზე იმ უწყებებში, რომელზეც გვაქვს შეთანხმება, რომ შეთანხმების შემთხვევაში ერთიანი კანდიდატი იქნება, ჯერ-ჯერობით კონკრეტულად ამ თემებზე არ ვსაუბრობთ”.  


ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მემორანდუმს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოუცხადებენ ნდობას, თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თამარ კინწურაშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ტოვებენ თანამდებობებს და ”პოლიტპატიმრები” სახლებში ბრუნდებიან.


”წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მემორანდუმი დარჩება ფარატინა ქაღალდად და მას არანაირი რეალური შედეგები არ ექნება,”-  განაცხადა კუკავამ.


 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)