ბურჯანაძე ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არ არის საჭირო დამატებითი გარანტიების გაცემა ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებაზე, რადგან ხელისუფლება უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს მათი დაკმაყოფილების მიზნით.
ამ განცხადებით ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად ვენას სტუმრობს, გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას შიმშილობის აქციის შეჩერების თაობაზე. ოპოზიციურმა კოალიციამ, მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა, 22 თებერვალს განაცხადა, რომ განაახლებს დიალოგს ხელისუფლებასთან, რადგან გუშინ ღამით სატელეფონო მოლაპარაკებების დროს ნინო ბურჯანაძისგან მიიღეს ”მტკიცე გარანტიები” მთავარ მოთხოვნებზე: ”პოლიტპატიმრების” გათავისუფლებაზე, 26 თებერვლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის დანიშვნისა და 15 მარტამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის თაობაზე.
”დამატებითი გარანტიები არ ყოფილა და არც იქნება იმიტომ, რომ განცხადებები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ არის თავისთავად გარანტია და თავისთავად არის სიტყვა; ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნებისმიერ ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვას და რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ კიდეც,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”თუ ვინმეს დამატებითი გარანტიების მოშველიება ან რაღაც გამართლებები სჭირდება იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან, არ წავიდნენ რადიკალიზაციისაკენ და წავიდნენ ნორმალური საარჩევნო გზით, როგორც ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, ეს უკვე ცალკე თემაა, რაზეც მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)