ბაქრაძე ნატოს შესახებ და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე საუბრობს

გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა 21 თებერვალს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზეც იმსჯელეს.


”ჩვენ გვინდა, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი იყოს, რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ცივილიზებულად წარიმართება. ამასთან, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტის გარეშე ჩვენთვის ძნელი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე დათანხმება. ეს საკითხები ძალაშია და ექსპერტებს შორის მოლაპარაკებები  მიმდინარეობს,” – განაცხადა ბაქრაძემ ინტერვიუში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ”ლაპარაკია საქართველოს საზღვრის იმ სეგმენტებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია. შეთანხმების თანახმად, ამ რეგიონებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და, სავარაუდოდ, ამ საკითხზეც შევთანხმდებით”.


ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის ორი ქვეყნის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე არსებული გამშვები პუნქტების ლეგალიზების შესახებ პრინციპული შეთანხმება შედგა, განუცხადა Civil.ge-ს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ, რომელიც 22 თებერვალს ჟენევაში უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე. მისი თქმით, ლეგალიზაციის ფორმები მარტსა და აპრილში დაგეგმილ მორიგ რაუნდზე განიხილება. 


ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი. მან გაიმეორა, რომ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს მთავარი პრიორიტეტი რჩება.


”პუტინმა ახსენა ეს საკითხი,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”რუსეთს აქვს უარყოფითი ხედვა ნატოს გაფართოების პროცესზე. ისინი ვერ ხედავენ მიზეზს, რატომ უნდა შევიდეს ნატოში საქართველო. ჩვენ კი ჩვენი პოზიცია გვაქვს. ნატოში შესვლა ჩვენ ბევრი რამის გამო გვჭირდება. ნატო იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ეს კურსი უცვლელი რჩება და მუშაობას კიდევ მეტად გავააქტიურებთ. გვესმის რუსი კოლეგების შეშფოთებაც, მზად ვართ, პატივი ვცეთ მათი უსაფრთხოების ინტერესებს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია საქართველოს უსაფრთხოება. ეს პოზიცია, ბუნებრივია, დაფიქსირდა პრეზიდენტ პუტინთან”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)