ბურჯანაძე რუსეთის სათათბიროს სეპარატისტებთან მიმართებაში ადეკვატურობისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის სათათბიროში 13 მარტს დაგეგმილ მოსმენაზე დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების მიმართვებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ რუსი კოლეგები ”ადეკვატურ” გადაწყვეტილებას მიიღებენ.
”მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, ბუნებრივია ჩვენ დაველოდებით ამ შეფასებას და ჩვენი რეაქციაც იქნება შესაბამისი,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, ”კოსოვოს და აფხაზეთისა და ოსეთის თემის შედარება ნამდვილად არ შეიძლება ერთმანეთთან – ეს სრულიად განსხვავებული თემები გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს მოძებნოს ის, რაც შეიძლება მიმსგავსებული იყოს”.
”რია ნოვოსტის” ცნობით, 26 თებერვალს რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი ოსტროვსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტარების მონაწილეობით მისი კომიტეტის ინიციატივით იგეგმება, სადაც განიხილება სეპარატისტების მიმართვა დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
მორიგი მიმართვები სეპარატისტებმა მას შემდეგ გააგზავნეს სათათბიროში, რაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)