აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე საუბრობს
ნატოს გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ ნატოს ყველა წევრის მიერ, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ 17 მარტს.
”რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები მიიღება იმაზე დაყრდნობით, შეასრულეს თუ არა ქვეყნებმა ყველა საჭირო კრიტერიუმი, რომელიც წევრობისთვის ან წევრობის სამოქმედო გეგმის საშუალებით უფრო ახლო ურთიერთობებისთვისაა საჭირო,” – განაცხადა კეისმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აპრილის დასაწყისში ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შესთავაზოს თუ არა საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა.
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ს სტუმრობს, პრეზიდენტ ბუშს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდება.
”ის საკითხები, რომელთაც ჩვეულებისამებრ განვიხილავთ, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვესაუბროთ მას [სააკაშვილს] ან საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ეხება ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – განაცხადა კეისმა, ”ჩვენ ასევე განვიხილავთ ორმხრივ საკითხებს, მათ შორის ჩვენ მცდელობებს დავეხმაროთ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ რეგიონის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებს და რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიც ჩვენი საუბრის ნაწილია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)