სააკაშვილის საქართველოს მიმართ ნატოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

საქართველომ მიიღო ნატოსგან ვალდებულება, რომ გახდება ალიანსის წევრი და ეს იმაზე მეტია ვიდრე წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), განაცხადა 3 აპრილს ბუქარესტის სამიტზე მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი დეკემბრამდე გადადეს და დასკვნით კომუნიკეში განაცხადეს, რომ ისინი თანხმდებიან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. თუმცა იქვე აღინიშნა, რომ მოკავშირეები ელიან მაისში თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.


პრეზიდენტმა სააკაშვილი მიესალმა სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების ძალისხმევას და აღნიშნა რუსეთის ნეგატიური როლი, რომელმაც  MAP-ზე უარის მიუხედავად, საქართველოს ”ისტორიული” შედეგი მოუტანა და მოახდინა ”გეოპოლიტიკური გადატრიალება” რეგიონში.


გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის კომენტარს, რომელიც მან ბუქარესტში ქართულ მედიასთან საუბარში გააკეთა:


”[ბუქარესტის სამიტზე] სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა მართლა ერთი-ორ სკეპტიკოსს შორის და ოცზე მეტ ძალიან მოტივირებულ ქვეყნებს შორის. მე ვნახე პოლონეთის პრეზიდენტი [ლეხ კაჩინსკი] ამ შეხვედრებზე და იყო მართლა გასავათებული, დაღლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ამ ყველაფრის შედეგად. პოლონეთმა იბრძოლა საოცრად, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა იბრძოლეს ძალიან მაგრად. პრაქტიკულად, იყო ძალიან დიდი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ამ ქვეყნებს შორის და სკეპტიკოსებს შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, დანიამ და ისლანდიამაც კი, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები არ გვაქვს, ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავა.


საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი[ბუქარესტის სამიტის კომუნიკე], რომელიც არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ე.წ. MAP. რა არის MAP? MAP არის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა. ეს არის დაპირება, რომ შეიძლება, თუ სამოქმედო გეგმას კარგად გაივლი, შეიძლება, მე ხაზი მინდა გავუსვა, გახდე ნატოს წევრი. აქ დღეს, რუმინეთში, ეს არ არის ბოლო ვერსია, მაგრამ ეს არის პარტიზანულად მოპოვებული ვერსია ამ დოკუმენტის, წერია: ნატო მიესალმება უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკურ ლტოლვას და დღეს ბუქარესტში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები.


ეს არ მიუღიათ თავის დროზე არც ბალტიის ქვეყნებს, არც პოლონეთს, ჩეხეთს, უნგრეთს და არც სხვა კანდიდატებს ნატოსი. ეს არის პირდაპირი ვალდებულება მიუხედავად იმისა, როგორ გავივლით ჩვენ კანდიდატობის გეგმას, როდის გავივლით, როდის მივიღებთ სხვადასხვა ეტაპზე ასეთ თუ ისეთ შეფასებას, ეს არის პირდაპირი ვალდებულება ალიანსის მხრიდან, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.


ეს რუბიკონია საქართველოსთვის და მე მეტსაც გეტყვით, ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები ,დარწმუნებული ვარ, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ბევრად უფრო მალე.


არ არის საიდუმლო, რომ ამ ყველა დისკუსიებში ერთი ქვეყანა [რუსეთი] არ ესწრებოდა აქ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილიყო MAP – დაწყებული პირდაპირი შანტაჟიდან, მუქარით, კონკრეტული ქმედებებით, დაპირებებით, სხვადასხვა დიპლომატიური ფანდებით და ხერხებით. აი ამაზეა ნათქვამი: თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო.


ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენთვის არ მოეცათ ნატოს კანდიდატის სტატუსი ე.ი. თეორიული და პრაქტიკული დაპირება, რომ გავმხდარიყავით ნატოს წევრები და სანაცვლოდ მივიღეთ პირდაპირი ვალდებულება, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი.


აი ეს არის, რაც მიიღო დღეს აქ საქართველომ. ეს არის ისტორიული დღე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციისთვის. ჩათვალეთ, რომ მოხდა გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური გადატრიალება ჩვენ რეგიონში.


მე პირადად, პირველად როცა დავესწარი ნატოს სამიტს 4 წლის წინ, გავოცდი. ამაზე ოცნებაც ნამდვილად არ შეგვეძლო…

[ნატოში ინტეგრაციის საკითხში აშშ-ს მხარდაჭერაზე] ვინც არ უნდა იყოს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი და სამი კანდიდატიდან ორი არის ჩვენი მეგობრები – ერთი ძალიან, ძალიან ახლო მეგობარი და მეორეც მეგობარი. და მესამე იყო ჩვენი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სენატში ნატოში გაწევრიანების საკითხში. ასე, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვართ ძალიან მომგებიან სიტუაციაში და ეს არ არის ამერიკის ამ პრეზიდენტის პოლიტიკა, თუმცა ამ პრეზიდენტთან მე მაქვს განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული ურთიერთობები.


ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა მხარდაჭერა საქართველოსთვის. მე არ მახსოვს სხვა საკითხი და მე დიდი ხანია, ამ საკითხებს ვაკვირდები, ასეთ თემაზე სხვა საკითხი, როდესაც ამერიკამ და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ასეთი ენთუზიაზმით იბრძოლა პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი საკითხის გადასაწყვეტად.


ადვილია ლაპარაკი ხორვატიაზე და პოლონეთზე, ისინი არიან ევროპის ცენტრში, საქართველო ნატოში  – ეს არასამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან იყო 3 წლის წინ. დღემდე არავის არ სჯერა და აქ წერია: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო იქნება ნატოში. ეს არ არის დაპირება, ეს არ არის საპარლამენტო რეზოლუცია და რაღაც სახის ტექნიკური ვალდებულება.


ეს არის კონკრეტული სავალდებულო დოკუმენტი ნატოს სახელმწიფოთა  მეთაურების. ამას ვერ შეცვლის ვერც მინისტრების შეხვედრა, ვერც პარლამენტის გადაწყვეტილება, ამას ვეღარ შეცვლის ვერცერთი სახელმწიფოს დაწოლა, ზეწოლა, შანტაჟი, ბუზღუნი, ბურდღუნი და უკმაყოფილების სხვადასხვა გამოხატულება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)