ვარშალომიძე დასაქმების პრობლემების გამო მთავრობას აკრიტიკებს
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ დღეს ცენტრალური მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აჭარაში დასაქმების პრობლემა უმწვავესად დგას, რადგან სახელისუფლებო უწყებებში და კერძო სექტორში აჭარის მკვიდრები არ არიან დასაქმებულნი.
მისი მთავრობის წევრებისადმი მიმართვის დიდი ნაწილი მედია საშუალებებმა ჩაიწერეს, რაც თავისთავად უჩვეულო იყო, რადგან როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მთავრობის სხდომებზე მედიას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის განცხადებების გაშუქების საშუალება ეძლევა. არსებული წესის მიხედვით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ სხდომათა დარბაზში ტელე-ოპერატორებს უშვებენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის განცხადებას იწერენ და შემდეგ ატოვებინებენ სხდომას, რომელიც შემდეგ დახურულ კარს მიღმა გრძელდება.
”ძალიან ბევრი აჭარის მკვიდრი არის უმუშევარი და ძალიან ბევრი აჭარის მკვიდრი ხვალინდელ დღეს იმედის თვალით აღარ შეჰყურებს,”- განაცხადა ვარშალომიძე და განაგრძო: ”მე მოველი საქართველოს მთავრობისგან მყისიერად ამ პრობლემის მოგვარებას. სამინისტროების უმრავლესობის საკადრო პოლიტიკა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადახედვას”.
მან ასევე განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში მზარდი ინვესტირების ფონზე ცალკე პრობლემაა ის, რომ ”ადგილობრივ მუშახელს სამუშაოს ართმევენ უცხოელი მოქალაქეები”. ამას გარდა, მან მაგალითად მოიყვანა საბაჟო დეპარტამენტი, სადაც, მისი თქმით, 250 თანამშრომლიდან 60-ზე მეტი არაადგილობრივია.
ამ სტატისტიკას არ დაეთანხმა ფინანსთან მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც უშუალოდ კურირებს საბაჟო სფეროს და განაცხადა, რომ აჭარის საბაჟო-საგადასახადო სისტემაში 360 ადამიანი მუშაობს, საიდანაც 50-მდე არ არის აჭარელი და მათ შორის 14 თბილისელია. გილაურმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადრებს სამინისტრო პროფესიონალიზმის ნიშნით და არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არჩევს.
ეკონომიკის მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მის უწყებაში ავტონომიურ რესპუბლიკაში ძირითადად აჭარლები არიან დასაქმებულნი. მან ასევე განაცხადა, რომ იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში 5 მლნ ლარი გამოეყოფა აჭარას.
27 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარაში სტუმრობისას ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საჭიროებას.
”მთავრობამ, განათლების სამინისტრომ და ყველამ უკლებლივ, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ წლის დამლევს პრაქტიკულად ყველა მუშა, რომელიც მშენებლობაზე იმუშავებს აჭარაში, იქნება ადგილობრივი მოქალაქე, მათ ექნებათ კვალიფიკაცია და კარგი ხელფასი. ამ ხალხს უნდა მივხედოთ და გამოვიყვანოთ სიღარიბიდან,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)