სააკაშვილის განცხადება კრემლის ურთიერთობების ლეგალიზებაზე სეპარატისტებთან

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ აღშფოთებულია რუსეთის ნაბიჯის პროვოკაციულობით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და მოითხოვს ამ გადაწყვეტილების ”გადახედვას”.


იმავდროულად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ კმაყოფილია ”პირველად ისტორიაში” რუსეთის ამ ქმედებაზე ევროკავშირის, ნატოს და ტრადიციული პარტნიორების მკვეთრი რეაქციით. 


”მე ვფიქრობ, ეს რეაქცია იყო საკმაოდ მოულოდნელი რუსეთისთვისაც. რუსეთი შეეჩვია, რომ რაც არ უნდა განახორციელოს, ბევრი საერთაშორისო თანამეგობრობაში ამას ყლაპავს.   მე ვფიქრობ, გუშინ დაიწყო სერიოზული გადახედვა და შემობრუნება ამ პოლიტიკის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამიტომ ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ასევე ვიყოთ ძალიან გამბედავები”. 


დღეს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომელიც ქართული ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ველით რუსეთის ფედერაციიდან და მოვითხოვთ ყველა იმ გადაწყვეტილების გადახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას”.  მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებებთან ერთად განახორციელონ სერიოზული დიპლომატიური ქმედებები რუსეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.


ქვემოთ მოცემულია მიხეილ სააკაშვილის განცხადების სრული ტექსტი:


”პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ხმის დაკარგვის გამო [საუბრობს ჩახლეჩილი ხმით], იმიტომ, რომ  გუშინ მთელი დღე გავატარე ტელეფონთან და ყველა მიმართულებით რეკვაში.


მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმიტომ, რომ ასეთი მკაფიო დაფიქსირება იმისა, რომ ეს იყო რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯი, იყო საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, რომ ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვენ არა მარტო ამ ნაბიჯის დარბილებას, არამედ შეცვლას და გადახედვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, აბსოლუტურად მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო გეგმის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საზღვრების ურღვეობის.


მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს: ვერანაირი მექანიზმებით, ვერაფერი ვერ შეაჩერებს საქართველოს სვლას გახდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო და გახდეს ერთიანი ქვეყანა. ვერაფერი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ჩვენ პარტნიორებთან.


ჩვენ ველით რუსეთის ფედერაციიდან და მოვითხოვთ ყველა იმ გადაწყვეტილების გადახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას.  და მე მინდა, რომ ყველას ესმოდეს ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი ქმედება მიმართული იქნება და გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისკენ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციისკენ.


მე მინდა ყველას ესმოდეს, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ განცხადებები, არამედ სერიოზული დიპლომატიური ქმედებები ყველა ჩვენი მეგობრების მხრიდან და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ და ველით ამ ქმედებების განხორციელებას ამ უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირეებში.


მე მინდა ვთხოვო გია ბარამიძეს გააკეთოს რამდენიმე ვიზიტი ევროპაში ხვალიდან – გერმანიაში, საფრანგეთში, შეიძლება სხვა ქვეყნებში ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვთხოვ დავით ბაქრაძეს უახლოეს დღეებში განახორციელოს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე კონსულტაციისთვის.


ჩვენ მზადა ვართ კონსულტაციები გავწიოთ რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მზადა ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მხარესთან სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით. ეს უნდა ყველას ნათლად ესმოდეს.


მე ვარ განცვიფრებული, როგორც რუსეთის ნაბიჯის პროვოკაციულობით და აღშფოთებული, ასევე, ამჯერად, კმაყოფილი პირველად ისტორიაში ასეთი მკვეთრი რეაქციით ევროკავშირის, ნატოს, ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მხრიდან.


მე ვფიქრობ, ეს რეაქცია იყო საკმაოდ მოულოდნელი რუსეთისთვისაც. რუსეთი შეეჩვია, რომ რაც არ უნდა განახორციელოს, ბევრი საერთაშორისო თანამეგობრობაში ამას ყლაპავს.   მე ვფიქრობ, გუშინ დაიწყო სერიოზული გადახედვა და შემობრუნება ამ პოლიტიკის. ამიტომ ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ასევე ვიყოთ ძალიან გამბედავები”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)