კოკოითი კრემლის გადაწყვეტილებას მიესალმება
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დამყარდეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ოფიციალური ურთიერთობები, რაც მისი თქმით, კოსოვოსგან განსხვავებული გზაა.
კოკოითმა ეს განცხადება დღეს მოსკოვში, რუსეთის სათათბიროს უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაში მონაწილეობის შემდეგ გააკეთა.
”ჩვენ, სამხრეთ ოსეთში ძალიანაც გვსურდა, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო სათათბიროში ვეღიარებინეთ და ვიქნებოდით კმაყოფილები, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ერთიან მსოფლიო სივრცეში, აქ თავისი წესები და კანონები მოქმედებს,”- განუცხადა ჟურნალისტებს კოკოითმა, ”ჩვენ უფრო მეტი სამართლებრივი საფუძველი გვაქვს აღიარებისთვის, ვიდრე თუნდაც კოსოვოს, მე მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი, მაგრამ ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით”.
მან ასევე მოუწოდა თბილისის მშვიდად შეხვდეს რუსეთის გადაწყვეტილებას და ”არ დაძაბოს სიტუაცია”.
”რუსეთი დღეს ქმნის ასეთივე ხელსაყრელ პირობებს თავად საქართველოსთვისაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის ხომ ხსნის გარკვეულ სანქციებს მათ შორის საქართველოსთვისაც: აღდგა საჰაერო კავშირი, სატრანსპორტო კავშირი და ა.შ. იქმნება ნორმალური პირობები. აქ საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ როგორ შეიძლება ამ სიტუაციით სარგებლობა ინტეგრაციისთვის და აღორძინებისთვის. ამის გამო არ არის საჭირო საგანგებო სხდომების მოწვევა და არ არის საჭირო ისტერიკაში ჩავარდნა, რაც საქართველოს ხელმძღვანელობას ახასიათებს და მთელი მსოფლიოსთვის იმის თქვა, რომ ადგილი აქვს რაღაც ანექსიას. საჭიროა ნორმალური პირობების შექმნა აღორძინებისთვის და არა სიტუაციის დაძაბვა,”- განაცხადა კოკოითმა.
კრემლის გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა აფხაზეტის დე ფაქტო ხელისუფლებაც.
”ეს ნაბიჯი გადაგმულია იმ ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრობს,”- განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, ”ნემისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი და სახელმწიფო, როცა საქმე ეხება ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკურ ზრდას და სახელმწიფოს ეკონომიკურ ინეგრაციას, ამას უნდა მიესალმოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)