კოვალენკო მოსკოვის ’კეთილი ნების’ საპასუხო თბილისის ნაბიჯების საჭიროებაზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა, რომ საჭიროა თბილისმა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები მოსკოვის კეთილი ნების საპასუხოდ და უარი თქვას მომთხოვნ რიტორიკაზე რუსეთის ფედერაციის მიმართ.


”ჩვენ ყოველთვის გვესმის, მუდმივად გვესმის ქართული მხარისგან  – რუსეთმა უნდა გააკეთოს, რუსეთი ვალდებულია,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კოვალენკომ, ”საქართველომ რამე მაინც გააკეთოს შემხვედრი ნაბიჯის სახით. ჩვენ გვესმის მათგან მხოლოდ ისინი [რუსული მხარე] ვალდებულები არიან, უნდა გააკეთონ  – ასე არ საუბრობენ სახელმწიფოებთან, მით უფრო რუსეთთან. არ შეიძლება ასე საუბარი, საჭიროა შემხვედრი ნაბიჯები, საჭიროა კეთილი ნების გამოვლენა იმ კეთილი ნების საპასუხოდ, რომელსაც გამოხატავს რუსეთი”.


ელჩს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტ პუტინის უკანასკნელი დავალება დაიწყოს მუშაობა საქართველოსთვის ეკონომიკური ემბარგოს, სავიზო შეზღუდვების მოხსნაზე და სახმელეთო საზღვრის – ზემო ლარსის – გახსნაზე; ასევე უკვე აღდგენილი პირდაპირი საფოსტო, საჰაერო და საზღვაო კავშირები საქართველოსთან.


თუმცა რუსეთის ყველა ეს ნაბიჯი გადაფარა მოსკოვის გადაწყვეტილებამ მოახდინოს ურთიერთობების ლეგალიზება სოხუმთან და ცხინვალთან, ცალმხრივად მოუხსნას ეკონომიკური სანქციები აფხაზეთს. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება მოსკოვის პოზიტიური ნაბიჯების გულწრფელობაში და მათ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს რუსეთის ბოლო დროინდელი ნაბიჯების გამო დასავლეთის მწვავე რეაქციის ფონზე.  


”თუ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიის 1/3-ის ანექსია და პარალელურად დარჩენილ 2/3-თან ურთიერთობების გაუმჯობესება, ეს არის არასწორი მიდგომა,”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 18 აპრილს.


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა 20 აპრილს აფხაზეთში ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოდგებამ. ამ ინციდენტში თბილისმა მოსკოვი მტკიცებულებების საფუძველზე დაადანაშაულა, თუმცა რუსულმა მხარემ ინციდენტი უარყო. 


”უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ყველა არსებული შეთანხმების დარღვევით იმყოფებოდა უსაფრთხოების ზონის თავზე და მეორე, უსაფრთხოების ზონაში და აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ სივრცეში მყოფი ეს მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო აფხაზეთმა,”- განუცხადა დღეს კოვალენკომ ჟურნალისტებს, ”ყველა სხვა საუბარი და ინსინუაციები, რომ ეს თვითმფრინავი თითქოს ჩამოაგდო რუსულმა თვითმფრინავმა MIG-29, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია”.


სოხუმი ასევე დაჟინებით აცხადებს, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი მათ ჩამოადგეს და ინციდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)