კუკავა ბურჯანაძის წასვლაში ოპოზიციისთვის ახალ შესაძლებლობებს ხედავს

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ბურჯანაძის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა კარგი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის.


”ბურჯანაძის ბოლო განცხადების შემდეგ ჩვენ მოგვეცა ისტორიული შანსი, რომ რევოლუციის გარეშე, ყოველგვარი აჯანყების გარეშე, მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ ხელისუფლება, იმიტომ, რომ კონტრასტი ასეთი აშკარა არასდროს ყოფილა,” – განაცხადა კახა კუკავამ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა, ”ერთი მხრივ, გივი თარგამაძე [დეპუტატი მმართველი პარტიიდან, დათო დარჩიაშვილი [ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი], გია როინიშვილი [მსახიობი] და მეორე მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არიან და ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მარტივი არჩევანია გასაკეთებელი”.


”ნინო ბურჯანაძის განცხადების შემდეგ ”ნაცმოძრაობა” დატოვეს პოლიტიკურმა სახეებმა და დღეს სააკაშვილის სია შედგება სოროსის ფონდის ხალხისგან, პლუს ფულის ტომრები, ხოლო ”ნაცმოძრაობის” ქვედა დონე მთლიანად შედგება ხულიგნებისა და ნარკომანებისგან… მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. პრაქტიკულად, ”ნაცმოძრაობა” არის დატოვებული არათუ პოლიტიკური რესურსის გარეშე, არამედ მე ვიტყოდი, ადმინისტრაციული რესურსიც კი ისე აღარ მუშაობს,”- აცხადებს კუკავა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია ბურჯანაძის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე საუბარი. ”ნინო ბურჯანაძეს ყველა იცნობს, მას რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს, უბრალოდ, მას ძალიან გაუმართლა ჟვანიას გადადგომის გამო [2001 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან]. ამის მერე მას არც ერთი სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია. მას შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა და ვფიქრობ, რომ მას შანსი აღარ ექნება. ამასთან, ბურჯანაძეს აღარ აქვს იმის უნარი, რომ იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი. მეორე მხრივ, არა მგონია, მას ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს არალიდერის ოპოზიციაში,” – განაცხადა კუკავამ.


კახა კუკავამ, რომელიც გლდანის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, განაცხადა, რომ კოალიციის ტაქტიკაა მეტი ყურადღების მიქცევა დიდ ოლქებზე. ”ლიდერები სწორედ ამიტომ გავნაწილდით დიდ ოლქებში. გლდანი არის საქართველოში სიდიდით მეორე ოლქი და თბილისში ყველაზე დიდი ოლქი. ამიტომ დიდი ოლქების სერიოზულად მოგების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პატარა ოლქებში დაშვებული გაყალბებები გადავფაროთ… ამიტომაც, გლდანში ვიბრძვით არა ერთი მანდატისთვის, არამედ ეს არის დაახლოებით ათი მანდატი,” – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)