თბილისი გაეროს თხოვს აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა გაზრდილი რაოდენობის დადგენაში დახმარებას
საქართველოს ხელისუფლება გაეროს და გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი) მიმართავს თხოვნით, რათა დადგინდეს, თუ რა რაოდენობით გაზარდა რუსეთმა სამშვიდობო კონტიგენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.
”წერილობითი სახით მივმართავთ გაეროს და ყველა მეგობარი ქვეყნის ელჩებს, რომლებსაც ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ დადგენაში ზუსტად რამდენი, როგორ, რანაირად, სად, რა ფორმით და ვინ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და განლაგდა,”- განუცხადა 2 მაისს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”.
”გაეროს დამკვირვებელთა მისიამ, რასაკვირველია, შენიშნა დსთ-ს პერსონალის და აღჭურვილობის მოძრაობა როგორც სარკინიგზო, ისე საგზაო ტრანსპორტით სოხუმიდან კონფლიქტის ზონაში,” – განაცხადა გაეროს პრესსპიკერის მოადგილემ მარი ოკაბემ 1 მაისს, ”ამგვარი მოძრაობები შეინიშნებოდა 29 აპრილს, როდესაც რუსეთის გადაწყვეტილება გამოცხადდა და გუშინ დსთ-მ [სამშვიდობო ძალებმა] აცნობა UNOMIG-ს ზრდის თაობაზე რაოდენობის დაზუსტების გარეშე. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, გაგრძელდება თუ არა ეს მოძრაობები და კიდევ რამდენი სამხედრო და აღჭურვილობა ჩამოვა. ამრიგად, ამ ეტაპზე UNOMIG დაზუსტებით ვერ იტყვის დსთ-ს ძალების რაოდენობას”.
მან ასევე განაცხადა, რომ მხარეთა და სხვა ქვეყნების ყველა ქმედება უნდა შეესაბამებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
მოსკოვი აცხადებს, რომ სამშვიდობოთა რაოდენობა დასაშვები კვოტის ფარგლებში გაზარდა, რაც დსთ-ს ლიდერთა 1994 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 2 500-3 000-ს კაცს. თუმცა რუსული მხარე არ აკონკრეტებს ზუსტად რამდენით გაზარდა კონტიგენტი.
თბილისი აცხადებს, რომ სამშვიდობოთა გაზრდა უკანონოდ, მისი თანხმობის გარეშე მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)