პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ”არაგონივრული” გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ

ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში ქართველი ამომრჩევლები გააკრიტიკეს ”არალოგიკური” და ”არაგონივრული” გადაწყვეტილებების გამო.

”წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება მოხდეს 26-ში,” – განაცხადა ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის წევრმა გია თორთლაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 24 მაისს გამოქვეყნდა.

”ქართული საზოგადოება დღეს არალოგიკურია და არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ მისგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ გამაფრთხილებელ საპროტესტო მიტინგზე 30 ათასი [18 მაისს], ხოლო გაყალბებების გასაპროტესტებლად 3 000 კაცი მოვიდა [21 მაისს ღამით], ვერ გეტყვით, 26 მაისს რამდენ ადამიანს უნდა ველოდოთ,” – დასძინა მან.

”არჩევნები შესაძლოა შეფასდეს, როგორც არაგამჭირვალე, ყალბი და ა.შ. მაგრამ შედეგი ტრაგიკულია. ნაციონალების 120-კაციანი უმრავლესობით პარლამენტში შესვლა ქვეყნის ტრაგედიაა. ქვეყანამ მიიღო ერთპარტიული პარლამენტი… საზოგადოების ერთი ნაწილის უინტერესობის, მეორე ნაწილის არაგონივრული გადაწყვეტილებისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო, პარლამენტში ნაცმოძრაობის დიდი უმრავლესობით შესვლა მოხერხდა,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსთან” ინტერვიუში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)