ლავროვი თბილისს ანტიტერორისტული ცენტრის შესახებ ვალდებულებას ახსენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება შეასრულებს ვალდებულებას ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე.

2006 წლის მარტში რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ბაზების გაყვანაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორმა ქვეყანამ ”უახლოეს შესაძლებელ პერიოდში უნდა დაასრულონ რუსეთ-საქართველოს ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების შემუშავება და მოამზადონ ის ხელმოსაწერად”.

”რია ნოვოსტი” იტყობინება 28 მაისს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ იგი არ ელის, რომ საქართველო ”ამ ხელისუფლების დროს” შეასრულებს თავის ვალდებულებას.    

”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს [საქართველოს] უუნარობას შეასრულოს შეთანხმებები,” – დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ქმედებების უკან გარე ძალები დგანან და აღნიშნა, რომ თბილისი ”რუსეთის მუდმივი პროვოცირების ფუნქციას ასრულებს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)