რესპუბლიკელები გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

რესპუბლიკური პარტია მიესალმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მათთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

”გაერთიანებული ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური პარტია დარჩა ამ გადაწყვეტილების ერთგული და ჩვენ მზად ვართ მათთან გვქონდეს ძალიან აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ გამოვძებნოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ძალიან კონკრეტული გზები,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 13 ივნისს. 

უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით ცაგერისა და ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქებიდან გასული დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციურ ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არ არიან რესპუბლიკური პარტიის წევრები და ”არ გამოხატავენ პარტიის პოზიციას”.

მან ასევე უარყოფითად შეაფასა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ შემუშავებული ე.წ.  ანტიკრიზისული მემორანდუმი. 

”თუ ეს სჭირდება ვინმეს იმისთვის, რომ გაამართლოს პარლამენტში თავისი შესვლა, მე არა მგონია ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ღირდეს ამისთვის,”- აღნიშნა მან, ”ვისაც ეს გადაწყვეტილება მიაჩნია სწორად, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ქვეყნის ანტიკრიზისული პროგრამა, გეგმა, როგორც ჩანს, შეიქმნება პარლამენტს გარეთ და არა პარლამენტში”.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2010 წელს უწევს, ამ შემოდგომაზე ვადაზე ადრე გამართოს. უსუფაშვილი არჩევნების მომავალ გაზაფხულზე ჩატარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ”პოლიტიკური კრიზისი” კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ ”ხელისუფლება შეეცდება შემოდგომაზევე დაასრულოს იანვარში წამოწყებული გაყალბების ციკლი”. 

პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი პარტიაში სტრუქტურული და საკადრო რეფორმის განხორციელების საჭიროებას, რაც უახლოესი პერიოდის პერსპექტივაა.

მისი თქმით, იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნებმა პარტიის სუსტი და ძლიერი მხარეები წარმოაჩინა, რასაც ადეკვატური გადაწყვეტილებები სჭირდება, ”იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად იმ გამოწვევებისთვის და იმ პრობლემებისთვის, რაც ქვეყანაშია შექმნილი”.

”სექტემბერ-ოქტომბერში საზოგადოებას ბევრ სიახლეს შევთავაზებთ,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)