ქართული მხარე რუსი სამშვიდობოებისთვის ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებას არ აპირებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარეს არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს დააბრუნოს ის იარაღი, რომელიც რუს სამშვიდობოებს 17 ივნისს ზუგდიდის რაიონში არასანქცირებული გადაზიდვის გამო ჩამოართვა.
”ამ ეტაპზე ჩამორთმეული იარაღის დაბრუნების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ ამ იარაღთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია და ქართული მხარე ამ გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო,”- განუცხადა ზღულაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოთხი რუსი სამშვიდობო, რომელიც გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ”გამოძიება მიმდინარეობს”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 18 ივნისს მოითხოვა ქართული მხარისაგან რუსი სამშვიდობოების კუთვნილი ავტომობილისა და საბრძოლო მასალების დაუყოვნებლივ დაბრუნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)