ბესელია მისი შვილის მიმართ აღძრულ საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს
ოპოზიციური პარტიის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გენერალური მდივანი ეკა ბესელია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს მისი შვილის მიმართ ხულიგნობის მუხლით აღძრულ საქმეს და შვილისთვის საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს.
დღეს ეკა ბესელიას 15 წლის შვილი, რატი მილორავა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი თვის წინ თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის გამო დაკითხეს და მის მიმართ ხულიგნობის მუხლით საქმე აღძრეს. დაკითხვისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მართავდნენ.
შსს-ს წარმომადგენლის ირაკლი აბაშიძის განცხადებით, 1 მარტს რატი მილორავას მეგობართან ერთად ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელთან, რის შედეგადაც დაცვამ ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიიღო.
”მაღაზიის დაცვის თანამშრომელთან მომივიდა შელაპარაკება,”- აცხადებს რატი მილორავა, ”ეს ჩხუბი არ იყო. შეკამათება და შეხლა-შემოხლა იყო”.
ბესელიას განცხადებით, შსს-ს საქმის ფაბრიკაციას ახდენს.
”მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილით მაშანტაჟოს, შვილით მანიპულირება დაიწყოს ჩემით და პოლიტიკური ანგარიში ამით გამისწროს,”- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა უარყო პოლიტიკური მოტივის არსებობა საქმეში.
”ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია და ვერანაირი პოლიტიკური განცხადებები მოცემულ საქმეზე წინასწარ გამოძიებაზე გავლენას ვერ მოახდენს,”- განაცხადა ირაკლი აბაშიძემ, ”საქმეზე გამოძიება ჩატარდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)