სააკაშვილი რაისის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში არის მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს დემოკრატიული კურსის, ინვესტიციების მოზიდვის და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კურსისადმი.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ვიზიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 8 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას გააკეთა.
”ეს ვიზიტი არის სერიოზული საგარეო პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და სერიოზული ხელშემწყობი ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”გარდა პოლიტიკური ასპექტებისა ამ ვიზიტს აქვს სხვა ასპექტებიც – ეს არის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული კურსის, დემოკრატიული პროგრესის, რომლის ორი არჩევნების შედეგად გაუმჯობესება მთელმა მსოფლიომ აღიარა და ამას ამერიკა აქტიურად უჭერს მხარს”.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ვალდებულებად აქვს აღებული კონფლიქტების მშვიდობიანი და დიპლომატიური მოგვარების თაობაზე.
”ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვიზიტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ”ეს არის აღიარება და მხარდაჭერა იმაში, რომ საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები”.
”როცა საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, როცა საქართველო ჩართულია დიდ პროცესებში ეს ხელს უწყობს ასევე ჩვენ ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას, ჩვენი 50-თვიანი პროგრამის განხორციელებას და ჩვენი სიღარიბის დაძლევის გეგმას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)