კონფლიქტურ რეგიონებში ძალადობის ესკალაცია რუსეთის ინტერესებში შედის – სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების ესკალაციის უკან რუსეთის დგას, მაგრამ საქართველო არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებს.
პრეზიდენტმა ეს დღეს განცხადება უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში გახშირებული აფეთქებები ”საეჭვოდ” დაემთხვა იაპონიაში მიმდინარე დიდი რვიანი ქვეყნების სამიტს, ”სადაც ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს დადასტურებული, იყო საქართველო”.
”მე მინდა კარგად გვესმოდეს ვის ინტერესებში შედის დღეს ძალადობის ესკალაცია და მათ შორის ეს აფეთქებები,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ყველა ამ ძალადობრივი აქტის უკან მოიაზრება ის ხალხი, ვისაც უნდა ყურადღება გადაიტანოს მთავარი თემიდან – ეს არის საქართველოს განვითარება, მაქსიმალურად შეგვიშალოს ხელი ამ განვითარებაში და მეორე, მთავარი თემა, რაც ხდება რეგიონში ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში უგულვებელყოფა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული იგნორირება და საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ანექსიის და მიტაცების მცდელობა. ყველაფერი დანარჩენი ამის შედეგია”.
მისი თქმით, საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.
”ყველაზე ბოლო რამ, რაც ახლა საქართველოს სჭირდება არის მოხვდეს ახალ ამბებში, რომ საქართველოში მოხდა მორიგი ძალადობა, მორიგი აფეთქება, მორიგი არეულობა რომელიმე რეგიონში,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა მთავრობის წევრებს, რომ იყვნენ ”ძალიან ფხიზლად და ფრთხილად”, რათა არ დაუშვან რაიმე პროვოკაციები და ”არ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციებს”.
”მაგრამ ასევე მე მინდა, ყველა ჩვენ მეგობარს მოვუწოდო, რომ გავაათმაგოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიის მიტაცების, ანექსიის და უკანონო ოკუპაციის მცდელობა,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს კონსულტაციები რუსეთთან.
”საქართველო არ აკლებს მცდელობას რუსეთთან გამოასწოროს ურთიერთობები და გამოვიდეთ იმ ძალიან მძიმე კრიზისიდან, რომელშიც შევედით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ გადადგმული და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის ფეხქვეშ გათელვით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”დღეს ისეთ პოზაში დგება ზოგიერთი რუსი დიპლომატი, გეგონება ის რაც დღეს ხდება, ეს საერთოდ მათ არ ეხებათ,”- განაგრძო მან, ”ისინი არიან მთავარი მიზეზი ყველანაირი პრობლემის, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში”.
”ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი დიდ საერთაშორისო მოვლენებს საქართველოს გარშემო,”- განაგრძო მან, ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერ შეარყევს ჩვენი მშვიდობიანი განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კურსს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)