რაისი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 10 ივლისს თბილისში ერთობლივი შეხვედრა გამართა ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან.
ოპოზიციის ლიდერებს შორის იყვნენ ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციური კოალიციიდან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.
”ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული შეხვედრაზე. მე ვუთხარი მას იმ შეცდომების თაობაზე, რაც აშშ-მ დაუშვა საქართველოსთან მიმართებაში და კერძოდ, მე აღვნიშნე, რომ შეცდომა იყო ძალიან დიდი მხარდაჭერის აღმოჩენა პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის,” – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან ასევე ისაუბრა აშშ-ს ”შეცდომაზე”, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერებას ეხება.
”მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ძალიან კარგადაა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული განვითარების ფონდის დამფუძნებელი, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ეკა სირაძე.
”მე მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა; ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება კონფლიქტების მოგვარების პროცესში და იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრამდე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა:”შეხვედრაზე ჩვენ დავაყენებთ კონფლიქტების ზონებში არსებული ვითარების და საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ნაკლებობის საკითხს. ეს არის კარგი შანსი დაელაპარაკო იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც გავლენა გააჩნია [საქართველოს ხელისუფლებაზე]”.
”საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, კონფლიქტური ზონები, დემოკრატიის განვითარება – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ დავაყენებთ,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეხვედრამდე. ”ჩვენ ასევე ვისაუბრებთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ბოლო წლებში იქნა დაშვებული და რამაც საქართველოს საზოგადოების და მე ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედგაცრუება გამოიწვია”.
”ჩვენი თხოვნა მის მიმართ იქნება წაიყვანოს სააკაშვილი უკან, ისევე როგორც მოიყვანეს,” – განუცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრამდე.
ამ წუთებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს ხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)