ახალი მემარჯვენეები ომბუდსმენის საპარლამენტო მოსმენას აფასებენ
საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის გაკრიტიკებით მისი ანგარიშის მოსმენისას ღიად დააფიქსირა, რომ ემიჯნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებს, ნათქვამია ახალი მემარჯვენეების განცხადებაში.
პარლამენტმა სახალხო დამცველს 2007 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე თვიანი გაჭიანურების შემდეგ 15 ივლისს მოუსმინა და მისი მოხსენება ცნობად მიიღო. სოზარ სუბარს მისი კრიტიკული მოხსენების გამო, რაც ძირითადად ნოემბრის მოვლენებს ეხებოდა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეუტიეს და მას ”არაკომპეტენტური” და ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდეს.
”პარლამენტის მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება სხვა არაფერია თუ არა, მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების არადემოკრატიულობის კიდევ ერთი დადასტურება,”- აცხადებენ მემარჯვენეები, ” საქართველოს პარლამენტი და ქვეყნის ხელისუფლება მის მიერ ჩადენილ ყველა სამართალდარღვევას და უკანონობას პასუხობს არა პრობლემის აღმოფხვრის მცდელობით, არამედ იმ ინსტიტუტებსა და ადამიანებზე თავდასხმით, რომლებსაც ეს პრობლემები სააშკარაოზე გამოაქვთ. სწორედ ამით არის განპირობებული რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დევნა და შევიწროება, პოლიტიკური ანგარიშსწორება მათთან, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების და მოსპობის მცდელობა, თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე”.
ოპოზიციური პარტია ასევე აცხადებს, რომ ასეთი პოლიტიკით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შექმნილი ”ურთულესი მდგომარეობის უფრო მეტად გამწვავდება”, რაც ”საბოლოოდ, შეუქცევადს გახდის ამ ხელისუფლების ავტოკრატულ რეჟიმად ჩამოყალიბების პროცესს”.
”ასეთი რეჟიმების მოცილება კი სამწუხაროდ, ისევ ხალხის მიერ გადატანილი სიძნელეების, ქვეყნის დესტაბილიზაციის ხარჯზე ხდება და მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას,”- აცხადებენ მემარჯვენეები.
2005 წლის დეკემბერში, როდესაც პარლამენტი სახალხო დამცველის მოხსენებას ისმენდა, დეპუტატებმა ”ახალი მემარჯვენეებიდან“ და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის სხდომა დატოვეს, რათა პროტესტი გამოეხატათ სახალხო დამცველის მოხსენების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის კონკორდატის კრიტიკას ეხებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)