სააკაშვილი: დემოკრატია საქართველოს სიმდიდრეა

ქართული საზოგადოების ერთობა არის ”მთავარი რეცეპტი სირთულეების გადასალახავად,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივლისს. 

”დღეს საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა იმის გამო, რომ საქართველო არის ნადვილად წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო ამ რეგიონში; დემოკრატია ჩვენი სიმდიდრეა,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბათუმში.

სააკაშვილის თქმით, ნოემბრის კრიზისის ”ჩრდილოვანი მხარის” ორგანიზატორებს რომ მიეღწიათ წარმატებისთვის, ”დღეს საქართველოს ექნებოდა დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა დაკარგული და ვიქნებოდით მთლიანად განიარაღებული და დაუცველი ამ აგრესიის წინაშე, რომელიც დღეს არსებობს”.

ნოემბრის მოვლენების ”ჩრდილოვან მხარეში” სააკაშვილი სავარაუდოდ გულისხმობდა იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერის მიმართ, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

”მე მინდა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ გაიაზროს – ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ, მაგრამ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას,” – განაგრძო მან, ”ის, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხა ორი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ის, რომ მოახერხა ამ კრიზისიდან მთელი მსოფლიოს თვალწინ ღირსეულად გამოსვლა, ამან მოგვცა მთავარი ჩვენი დაცვის იარაღი; ჩვენი დაცვის იარაღი არის არა ტანკები, თვითმფრინავები, ქვემეხები – ამაში ჩვენ ვერასდროს ვერ შევედრებით იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვემუქრება – ჩვენი მთავარი იარაღია, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა. ახლა მიდის მუშაობა ამ სახელის დისკრედიტაციაზე. შარშან მე ვიტყოდი, რომ ნოემბერში ჰქონდათ დიდი შანსები, მაგრამ ახლა უკვე დააგვიანდათ”.

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)