რუსეთი ცდილობს ”ომის ილუზია” შექმნას – აცხადებს თბილისი

რუსეთი დირიჟორობს ქმედებებს ”ომის ილუზიის” შესაქმნელად, რაც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მიმართული საერთაშორისო მცდელობების ჩაშლას, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 4 აგვისტოს.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს არსებული დაძაბულობა და აფხაზური მხარის უარი მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც სამშვიდობო პროცესის განახლების გაჭუანირებას ისახავს მიზნად. 

”ყველაფერი რაღა თქმა უნდა კეთდება იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სამშვიდობო პროცესებს, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო და უფრო აქტიურად ებმევიან,” – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისი თქმით, ის ”ძველი ფოკუსები”, რომელთაც მოსკოვი იყენებს პროცესის გაჭიანურებისთვის სულ უფრო არაეფექტური ხდება, ”ამიტომაც ხდება ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა”.

”ხელოვნურად ისეთი ქმედებების წარმოება, რომელიც შექმნის ილუზიას, რომ ომი მზადაა, ხვალ იქნება, ზეგ იქნება,” – განაგრძო მან. ”ყველაზე სამწუხარო ამაში ის არის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშკარად ამას არა მარტო დირიჟორობს, არამედ ხელსაც უწყობს. გუშინ გააკეთეს განცხადება, რომელიც ანონსი იყო ომისა”.

იაკობაშვილი რუსეთის საგარეო უწყების 3 აგვისტოს განცხადებას გულისხმობდა, რომელშიც ნათქვამია: ”საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება”.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარის მიერ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან შეხვედრაზე უარის თქმა არის ”დროის მოგების ტაქტიკის” ნაწილი და სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების მცდელობა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ სოხუმი არ მიიღებს მონაწილეობას ბერლინში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო. ”ჩვენ თვალს გავადევნებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთ ოსეთში და თუ სიტუაცია გამოსწორდება, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას,” – დასძინა ბაღაფშმა.

იაკობაშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების მომიზეზება სოხუმისა და მოსკოვისთვის მხოლოდ საბაბი იყო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას ცხინვალის და მიმდებარე ოსური სოფლების დაბომბვის შედეგად. სამხრეთ ოსური მხრიდან 15 ადამიანი დაშავდა; ქართული მხარის განცხადებით, ერთი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირი დაიჭრა კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლების დაბომბვის შედეგად.  

დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, მათ რეგიონში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შემდეგ ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყეს.

3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რეგიონიდან 534 ადამიანის, მათ შორის 390 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა ჩრდილოეთ ოსეთში.  დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა განაცხადა, რომ პროცესი 4 აგვისტოსაც გაგრძელდება და რეგიონიდან ევაკუირებული ბავშვების რაოდენობა მალე 2,000 მიაღწევს.

”მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთი ვერ შეძლებს ასეთ ნაკადთან გამკვლავებას; ამიტომაც, ედუარდ კოკოითი [სამხრეთ ოსეთის ლიდერი] აგვარებს ბავშვების ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში გაგზავნის საკითხს,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი მოროზოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ერმაკ ძანსოლოვმა განუცხადა ”ინტერფაქსს” 3 აგვისტოს, რომ ეს არ არის ”ევაკუაცია”. მისი თქმით, ბავშვების გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ბავშვების მასპინძლობას ზაფხულის არდადეგებზე ჩრდილოეთ ოსეთის კურორტებზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)