”სამხრეთ ოსეთის უდიდესი ნაწილი თბილისის კონტროლს ექვემდებარება” – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის მიერ ”ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის” განხორციელების ფონზე.
8 აგვისტოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ”დაიწყეს შეტევა” მას შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა 7 აგვისტოს მის სამშვიდობო ინიციატივებს ქართული სოფლების დაბომბვით უპასუხეს.
შედეგად, განაცხადა სააკაშვილმა, ქართული ძალები ამჟამად ”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს” აკონტროლებენ.
მისი თქმით, თვითგამოცხადებული რეგიონის ზნაურის და წინაგარის რაიონები, ასევე სოფლები დმენისი, გრომი და ხეთაგუროვო ქართულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს.
”ასევე გათავისუფლებულია ქალაქ ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში,” – დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიას 8 აგვისტოს რუსული საბრძოლო თვითმფრინავებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რაც არის აშკარა ნიშანი საქართველოს წინააღმდეგ ”ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა”.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ სამმა SU-24 მოიერიშე თვითმფრინავმა 8 აგვისტოს დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ერთ-ერთმა მათგანმა ორი ბომბი ჩამოაგდო ქარელის პოლიციის მახლობლად. განცხადების თანახმად, თვითმფრინავმა იერიში მიიტანა გორის მახლობლად მდებარე ქართულ სარადარო სადგურზე, თუმცა ინფორმაცია თავდასხმის შედეგებზე მიუწვდომელია.
”მე მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, საქართველო არ ყოფილა ინიციატორი ამ კონფროტაციის, მაგრამ საქართველო თავის ტერიტორიას არ დათმობს, საქართველო თავისუფლებაზე უარს არ იტყვის. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ათეული ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რეზერვისტთა მობილიზაცია გრძელდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენ ყველანი ერთად, ასობით ათასი ქართველი უნდა დავირაზმოთ და გადავარჩინოთ საქართველო,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)