რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის პირობები
რუსეთი მაშინ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის და ძალების გამოყვანის საკითხს, თუ საქართველო დაუბრუნდება კონფრონტაციის წინანდელ სტატუს ქვოს და გამოიყვანს თავის ძალებს სამხრეთ ოსეთის ”ოკუპირებული” ტერიტორიიდან, განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სტატუს-ქვოს დაბრუნება არ ეხება რუსეთის ძალებს, რომლებიც ამჟამად რეგიონში ქართულ ძალებს ებრძვიან.
”ამის შესახებ ილუზია არ უნდა იყოს,” – განაცხადა ჩურკინმა. ”ჩვენი ძალების გამოსაყვანად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გენოციდის შესაძლებლობა აღარ არის”.
მან ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გააკეთა. საბჭომ კვლავ ვერ მიაღწია შეთანხმებას განცხადების ტექსტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.
”ეს არის პირდაპირი გზა ბრძოლების შესაწყვეტად, მკვლელობის შესაწყვეტად ქართველებისთვის, რათა გამოვიდნენ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე და შემდეგ ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე,” – განაცხადა ჩურკინმა.
პრეზიდენტმა ბუშმა ასევე მოუწოდა მხარეებს დაუბრუნდნენ 6 აგვისტოს არსებულ სტატუს ქვოს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რეგიონის დემილიტარიზაცია მოახდინოს, თუ რუსეთი გაუვანდა ძალებს. მისი თქმით, ვაკუუმი საერთაშორისო ძალებმა უნდა შეავსონ.
რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ რუსული ძალები სამხრეთ ოსეთში ”სამშვიდობო მისიაში” მონაწილეობენ.
მან გაამართლა რუსული საჰაერო დარტყმები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ ”გარკვეული ქართული სამხედრო საქმიანობის” შეჩერების საჭიროებით.
ათობით მოქალაქე დაიღუპა მას შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გორში ბომბები ჩამოყარეს. ასევე დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკის სამხედრო ბაზა, აეროდრომები მარნეულში დაკოპიტნარში.
”ჩვენი სამიზნეები არ არიან მოქალაქეები. თუ მოქალაქეებს შორის არის მსხვერპლი – რასაც ვერ გამორიცხავთ – ეს ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა ჩურკინმა. ”იყო ინფორმაცია დაბომბვის შესახებ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ და თუ ეს ასეა, ეს მოხდა მშვიდობის დამყარების ოპერაციის მხარდაჭერის კონტქესტში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)