რუსეთი გამორიცხავს დევნილთა დაუყონებლივ დაბრუნებას სამხრეთ ოსეთში
გორელი მამაკაცი რუსული ბომბდამშენის მიერ დაზიანებული კორპუსის წინ. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
|
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურგი არ გაუმაგრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი არ დაუშვებს ქართველ დევნილთა დაბრუნებას ცხინვალის რეგიონში, რუსულმა მხარემ გამორიცხა დაუყონებლივი დაბრუნების რაიმე შესაძლებლობა.
კოკოითმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ” არ შეუშვებს სამხრეთ ოსეთის სოფლებიდან გამოქცეულ ქართველ დევნილებს” თავიანთ სახლებში.
”ეს არის ემოციური განცხადება, რაზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული მასიური სამხედრო შეტევის ფონზე. მოქალაქეები და სამშვიდობოები დაიღუპნენ და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი იქნა გამოწვეული,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
მართალია, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საერთაშორისო სამართლითაა გარანტირებული, ასევე აღნიშნა, რომ ეს ”როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია”.
”მაგალითად, ბევრი ადამიანი, რომლებიც ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის შედეგად გახდნენ დევნილები, ჯერაც არ დაბრუნებულან თავიანთ სახლებში, ისევე როგორც პალესტინელი დევნილები,” – განაცხადა საგარეო უწყებამ.
”ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებების შემდეგ ხალხის განწყობა უკიდურესადაა დაძაბული,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. ”სულ ცოტა ხნის დაასაფლავეს გარდაცვლილები, დაიწყო ზარალის ლიკვიდაციის და მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნების ელემენტარული პირობების შექმნის პროცესი. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.”
”ნათელია, რომ დრო უნდა გავიდეს – და არც ისე ცოტა – რომ მოხდეს იარების მოშუშება და ნდობის აღდგენა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება პირობები დევნილების პრობლემასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტების განსახილველად,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იტყობინებოდა საქართველოს ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით, რომ სამხრეთ ოსეთის სამხრეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 15 000 დევნილი შემოვიდა. გარდა ამისა, UNHCR ინფორმაციით, 73 000 ადამიანმა დატოვა ცხინვალის რეგიონის გარეთ არსებული ტერიტორია, მათ შორის უმეტესობამ გორი. დევნილთა უმრავლესობა ამჟამად თბილისის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშია განთავსებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)