ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში

ამერიკული USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემი 24 აგვისტოს ბათუმის პორტში შემოვიდა.

ამერიკულმა სამხედრო გემმა ჩამოიტანა 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, რძე და ა.შ., განაცხადა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ. ამავე ცნობით, აღნიშნული დახმარების მომწოდებელია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ამერიკული გემი ბათუმის მისადგომებთან დგას,  75 კმ-ის დაშორებით საპორტო ქალაქ ფოთიდან, რომელიც კვლავ რუსული ძალების კონტროლ ქვეშ რჩება. ფოთის შესასვლელში რუსული სამხედრო საგუშაგოა განლაგებული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 24 აგვისტოს ბათუმში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია რუსული საჰაერო იერიშების შედეგად. მისი თქმით, ქართულ აკვატორიაში ამერიკული გემის ყოფნა ნიშნავს, რომ მსოფლიოში არავინ არ მისცემს პუტინის რუსეთს უფლებას ჩაერიოს საქართველოს საქმეებში.

აშშ-მ დახმარება საჰაერო გზითაც ჩამოიტანა საქართველოში. თუმცა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ზღვით გაცილებით მეტი ტვირთის შემოტანაა შესაძლებელი, ვიდრე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით.

საქართველოს საზღვაო აკვატორიაში კიდევ ორ ამერიკულ გემს ელოდებიან – აშშ-ს სანაპირო დაცვის კატარღას  Dallas (WHEC 716) და USS Mount Whitney-ის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)