მოსკოვი თანხმდება ”ბუფერულ ზონებში” საერთაშორისო დამკვირვებლების გაზრდას

რუსეთი არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გასწვრივ არსებულ ”ბუფერულ ზონებში” დიდხანს დარჩენას და მზადაა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რიცხვის გაზრდას დაუჭიროს მხარი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 აგვისტოს.

”რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო ჩვენ არ გვაქვს განზრახვა მუდმივად შევინარჩუნოთ ჩვენი სამშვიდობო ძალები ამ რესპუბილკების ფარგლებს გარეთ,”- იუწყება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ამასთან, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საიმედო საერთაშორისო კონტროლის უზრუნველყოფას მათ მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში, რათა თავიდან ავიცილოთ თბილისის რეჟიმის მხრიდან ახალი სამხედრო ავანტიურები”.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ეუთოსა და გაეროს ფარგლებში მხარი დაუჭიროს საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას და მათი მანდატის განსაზღვრას.
 
”ასეთი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში რუსული მხარე მზად იქნება შეუდგეს უსაფრთხოების ზონებში კონტროლის მოგვარების ვადებისა და სხვა კონკრეტული ასპექტების განხილვას,” – განაცხადა ლავროვმა.

ეუთომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამკვირვებლების 100-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. თუმცა პირველ ეტაპზე 20 უიარაღო სამხედრო დამკვირვებლის გამოგზავნა გადაწყდა, რომელთაგან რამდენიმე უკვე ჩამოვიდა საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)