17 უცნობი ჯარისკაცი დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე

დღეს თბილისში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 17 უცნობი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულიქართველი ჯარისკაცის 50 ცხედარია ამ ეტაპზე ამოუცნობი.  20 სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილების დნმ-ის ნიმუშები აღებულია და მშობლებს, რომელთა შვილებიც ითვლებიან დაკარგულებად, ასევე მოუწოდებს დნმ-ის უფასო ანალიზის ჩატარებისკენ, რათა მოხდეს უცნობი ჯარისკაცების იდენტიფიკაცია.

19 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციით, სულ 133 სამხედრო პირი იყო დაღუპული კონფლიქტის შედეგად, ხოლო 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ამ მონაცემების გათვალისწინებით საქართველოს შეიარაღებული ძალებში ამ მომენტისთვის მსხვერპლი 183 აღწევს, საიდანაც ოთხი რეზერვისტია.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 13 თანამშრომელი დაიღუპა კონფლიქტის დროს.