ომი თავს მოახვიეს რუსეთს – მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანი არ ყოფილა, მსოფლიო შეცვალა.

”ჩვენ ეს ომი არ გვჭირდებოდა; ის თავს მოგვახვიეს; მაგრამ ვერცერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ მოითმენდა საკუთარი მოქალაქეების, სამშვიდობოების დახოცვას. რუსეთს უნდა გადაერჩინა ადამიანების სიცოცხლე,”- განაცხადა მან, ”ჩვენ სიმართლის მომენტი გავიარეთ. მსოფლიო ამა წლის 8 აგვისტოს შემდეგ სხვანაირი გახდა”.

რუსეთის სახელმწიფო საბჭოსთან შეხვედრაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ახალი არაა პოლიტიკურ ზეწოლა მის წინააღმდეგ.

”ისინი ვერაფრის გაკეთებას ვერ მოახერხებენ,”- განაცხადა მედვედევმა, ”მაგრამ მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ კონფრონტაცია  – ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ მზადყოფნას თანაბარ უფლებიანი და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებებისათვის, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისათვის – ურთიერთობების, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის რეალურ პრინციპებს”.

თავის გამოსვლაში მედვედევმა ასევე შეუტია პრეზიდენტ სააკაშვილს, თუმცა მისი სახელის წარმოთქმის გარეშე.  ”სამხრეთ ოსეთის ტრაგედიამ აჩვენა, რომ ჩვენ დროშიც არსებობენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომელთა მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს და სტაბილურობას,”- განაცხადა მედვედევმა. 

”სამხრეთ ოსეთის მოვლენებმა კიდევ ერთი მომენტი გამოავლინა: რუსეთი არავის მისცემს უფლებას ხელყოს მისი მოქალაქეების სიცოცხლე და ღირსება, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც აწი ანგარიშს გაუწევენ,”- აღნიშნა მან.

”მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ არჩია თავი შეეკავებინა საქართველოს რეჟიმის გაკიცხვისგან, მათი ხმა, ვინც მიიღო ჩვენი დასკვნები, ჩვენი პრინციპული პოზიცია, შეაფასა ჩვენი ქმედებები, იყო და რჩება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ, როგორც იცით, დეტალურად ვისაუბრეთ ამ თემაზე ჩვენს პარტნიორებთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან”.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული ერთეულები დახმარებას აღმოუჩენენ სამხრეთ ოსეთს ინფრასტრუქტურის აღმშენებლობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)