ნატო-საქართველოს კონსულტაციები ბრიუსელში

ნატოს ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ 11 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ალიანსში საქართველოს ელჩთან რევაზ ბეშიძესთან და საქართველოში არსებული ვითარება განიხილა, ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩი თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს.

11 სექტემბრის შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და ჩრდილო ატლანტიკური  საბჭოს დიპლომატებმა ”აღნიშნეს, რომ ძალაში რჩება სურვილი საქართველოს ფართომასშტაბიანი დახმარების შესახებ, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროშიც”, ნატოს პრესრელიზის თანახმად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)