UNHCR დევნილებზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს

127 000 დევნილიდან საქართველოში, რომელთაც იძულებით დატოვეს თავიანთი სახლები აგვისტოს ომის გამო, 68 000 ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 12 სექტემბერს. 

კომისარიატის და საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, კიდევ 5 000-ის დაბრუნდება იგეგმება სახლებში ზამთრის დადგომამდე, რის შედეგადაც დაბრუნებულთა რაოდენობა 73 000-ს მიაღწევს, იტყობინება UNHCR. 

”რაც შეეხება დარჩენილ 54 000 დევნილს, UNHCR-ს მიაჩნია, რომ 23 000 დასჭირდება ალტერნატიული თავშესაფრის მინიჭება ზამთრის თვეებში, თუმცა 2009 წლისთვის ისინი შეძლებენ სახლებში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მათი სახლები შეკეთდება,” – იტყობინება UNHCR პრეს-რელიზში.

”თუმცა, დანარჩენი 31 000-ის დაბრუნება თავიანთ სახლებში ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ამ დევნილებიდან 22 000 სამხრეთ ოსეთიდანაა; 8 000 – სამხრეთ ოსეთის გარეთ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო 1 000 – ზემო კოდორის ხეობიდან.

”ვინაიდან საქართველოს უკვე ჰყავს 223 000 დევნილი წინა კონფლიქტებიდან, ამ ახალ მოსახლეობასთან ერთად ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში 254 000 იძულებით გადაადგილებული პირი ეყოლება,” – განაცხადა UNHCR-მა. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ის ცდილობს აღკვეთოს ”დევნილთა სპონტანური გადასვლები თბილისიდან გორში მდებარე ისედაც გადატვირთულ კარვებში, სადაც უკვე იმყოფება დაახლოებით 2 200 ადამიანი”.

თბილისში დევნილთა უმეტესობა თავდაპირველად ხელისუფლებამ საჯარო სკოლებში განათავსა, თუმცა ახლა ხდება მათი გადაყვანა სხვა ადგილებში, ძირითადად ბაღებში, რადგანაც დედაქალაქში სასწავლო პროცესი იწყება.

”თუმცა, ზოგიერთი დევნილი უარს აცხადებს სხვა ადგილას გადასვლაზე და თვითნებურად მიემგზავრება გორში, სადაც ბევრი მათი ნათესავი და მეზობელია განთავსებული. გორი უკვე გადატვირთულია და UNHCR-ს ურჩევნია დარჩენილი კარვები იმ დევნილებისთვის შეინახოს, რომლებიც ოჯახებში იყვნენ შეკედლებულები და რომელთაც აღარ შეუძლიათ მათი რჩენა,” – ნათქვამია UNHCR-ის პრეს-რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)