მერაბიშვილი დევნილთა განსახლების გეგმებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისა და საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის 18-თვიანი პროგრამის კოორდინაცია დაევალა, 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია დევნილთა დაბინავებაზე ზრუნვა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში დიდი და პატარა ლიახვის და ფრონეს ხეობების ქართული სოფლებიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად იგეგმება როგორც ახალი კორპუსების მშენებლობა, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების რეაბილიტაცია.

აგვისტოს მოვლენებამდე თბილისის მიერ კონტროლირებადი ამ სოფლებიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია.

მერაბიშვილის განცხადებით, ამ მოსახლეობისთვის ახალი საცხოვრებელი სახლები აშენდება ხაშურის რაიონის ოთხ, ქარელის რაიონის ორ, კასპის რაიონის სამ და მცხეთის რაიონის სამ სოფელში, ასევე გორის რაიონის ოთხ სოფელსა და ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე.

”თუმცა ეს ადგილები შეიძლება შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს სხვა ტერიტორიებით,”- აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, დაგეგმილია ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების შეკეთების შედეგად 840 ბინით უზრუნველყოფა თეთრიწყაროს, გარდაბნის და მარნეულის რაიონებში.

”გარდა ამისა, სხვა რეგიონებში უკვე შერჩეულია 600 ბინა,”- განაცხადა მან რაიონების დაკონკრეტების გარეშე.

რაც შეეხება გორის ჩრდილოეთით მდებარე ე.წ. ”ბუფერული ზონების” სოფლებიდან დევნილ მოსახლეობას, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ შეძლებენ დაბრუნებას. რუსული ძალების გასვლა ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა ნავარაუდევი.

”როგორც კი ეს პრობლემა მოიხსნება, ქართული პოლიცია დაიკავებს იქ პოზიციებს, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს და მათი დაზიანებული სახლების აღდგენა დაუყოვნებლივ დაიწყება,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, გარდა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა ხელისუფლების 18-თვიანი პროგრამა ითვალისწინებს დევნილებისთვის ”ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას”.

”ჩვენი მთავარი მიზანი მაინც რჩება, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაუბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს, სადაც არ უნდა იყოს ის,”- აღნიშნა მერაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)