ოპოზიციონერმა ლიდერებმა ნატოს წარმომადგენლებს პოზიციები გააცნეს

საქართველოში მედიის თავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებასთან დიალოგის პერსპექტივა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო განხილვის მთავარი თემები ოპოზიციის ლიდერებსა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შორის დღეს გამართულ ორსაათიან დახურულ შეხვედრაზე.

შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ. თუმცა ის პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მან ოთხი საკითხი დააყენა: აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება; საზოგადოებრივ და კერძო მედიაზე შეზღუდვების მოხსნა; ძალოვანი უწყებების რეორგანიზაცია და ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

”ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე, თუმცა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მოსაზრებაა, რომ წელს ქვეყანაში ნებისმიერი არჩევნები შეიძლება გახდეს საფრთხე მთლიანად ქვეყნისთვის”, – განაცხადა კახა კუკავამ, ”სააკაშვილი უნდა შეიცვალოს არა რევოლუციურ, არამედ ძალიან მშვიდ ვითარებაში და ამაზე უნდა იყოს მუდმივი დიალოგი საერთაშორისო საზოგადოებასთან”.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ისაუბრა შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

”გავაცანი რესპუბლიკური პარტიის გეგმა, იმის თაობაზე, რომ უნდა შედგეს შიდა პოლიტიკური პროცესების გეგმა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ”ამ გეგმის ძირითადი ნაწილის დასასრული უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე”.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური რეპრესიებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, ნატოს ყურადღების საგანი უნდა გახდეს. მან ასევე მოუწოდა დასავლეთს გადახედოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.

”კოსოვო გახდა რუსეთისთვის საბაბი და მიზეზი, რომ ეღიარებინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები- აფხაზეთი და სამაჩაბლო”, – განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს,  ”თუ დასავლეთი გადახედავს კოსოვოს აღიარების პრეცედენტს, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება, რომ მანაც თქვას უარი თავის გადაწყვეტილებაზე”.

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ქვეყნის  ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
 
”ნატოს ჩართულობის ხარისხი არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვფიქრობთ, მათი გავლენა ხელისუფლებაზე დემოკრატიული რეფორმების გავრცელების კუთხით, იქნება ძალიან სერიოზული,” – აღნიშნა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)