ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების განთავსებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა
საქართველოში ეუთოს დამატებით 80 დამკვირვებლის განთავსების პირობების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ამ ეტაპზე აზრი აღარ აქვს ამ საკითხზე საუბრის გაგრძელებას, განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ფინეთმა, 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
”თავმჯდომარე ქვეყანა სინანულით ატყობინებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომ მოლაპარაკებები საქართველოში დამატებითი სამხედრო დამკვირვებლების განთავსების პირობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე უშედეგოდ დასრულდა. კონსენსუსის მიღწევისთვის საფუძველი ვერ შეიქმნა. ამიტომ, თავმჯდომარე ქვეყანა [მოლაპარაკებებში] მონაწილე მხარეებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს მოლაპარაკებების გაგრძელებას ვენაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
”გუშინდლამდე თავმჯდომარე ქვეყანა ინტენსიურად მუშაობდა მონაწილე მხარეებთან, რათა მოესინჯა კომპრომისის ყველა შესაძლო საშუალება,” – ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთის შიგნით განთავსების წინააღმდეგია, რასაც თბილისი და მისი დასავლელი მოკავშირეები მოითხოვენ.
”დამკვირვებელთა პასუხისმგებლობის არეალი არის უთანხმოების მთავარი საგანი,” – განაცხადა 18 სექტემბერს ფინელმა დიპლომატმა ანტი ტურუნენმა, რომელიც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეა. ”ჩვენ არ შეგვიძლია წინ წავწიოთ მოლაპარაკებები აქ დიპლომატიურ დონეზე, ამიტომ ჩვენ ახლა კონსულტანციებს გავივლით მთავრობებთან ჩვენს ქვეყნებში, რათა მივიღოთ ახალი ინსტრუქციები. ამას სულ ცოტა რამოდენიმე დღე დასჭირდება.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)