პრეზიდენტი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ადგილს ”შეცვლილ მსოფლიოში”

რუსეთის აგრესიამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ახალ ეპოქას საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც საქართველოს ადგილი ოპტიმისტურად გამოიყურება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს აშშ-ში გამგზავრებამდე, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება.

”რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა საერთაშორისო ურთიერთობებში, შეიცვალა მსოფლიო მთლიანად, შეიცვალა მნიშვნელოვან წილად თამაშის წესები,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, ” საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავკიდოთ ხელი  ჩვენს მოკავშირეებს  – ევროპას, ამერიკას, ყველა პასუხისმგებლობით აღსავსე  ქვეყანას მსოფლიოში, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ძალიან ინტენსიურად ჩინეთთან, სხვა დიდი ქვეყნებთან, ჩვენ სამეზობლოსთან და მივაღწიოთ მშვიდობიანად ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას”.

”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ძალიან პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორები, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ  ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, განვითარება, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება,”- განაგრძო მან, ”ჩვენ გვჭირდება დრო, კონსოლიდაცია და აუცილებლად ყველაფერი განვითარდება საქართველოს სასარგებლოდ”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)