ეუთოს წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში ჟურნალისტების თავისუფალ შესვლას ითხოვს

მიკლოშ ჰარაციმ, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, მოითხოვა ჟურნალისტების უსაფრთხო დაშვება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში და ყველა მხარეს მიუკერძოებელი მედია-გაშუქებისკენ მოუწოდა.

”ახლა, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა, დროა ვუზრუნველყოთ ჟურნალისტებისთვის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების სრული ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი ზედმეტი შეზღუდვა მედიის შესვლაზე უნდა მოიხსნას,” – განაცხადა ჰარაციმ 22 სექტემბერს.

იგი იმ ინფორმაციას გულისხმობდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლა შერჩევით იზღუდება მედიისთვის. ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს კვლავ არ გააჩნიათ კონფლიქტის რეგიონებში თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა კონფლიქტის დროს ქართული და რუსული ინტერნეტ საიტების და ტელევიზიების დაბლოკვაზე. 

”ყველაზე პრობლემატური ისაა, რომ ტელევიზია ორივე მხარეს კვლავ გადატვირთულია მართული ან მიკერძოებული ინფორმაციით,”- განაცხადა მან.

ჰარაციმ ხაზი გაუსვა არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების საჭიროებას. ”იუგოსლავიის შემდგომმა ომებმა უჩვენა, თუ რისი გამოწვევა შეუძლია პროპაგანდისტულ გაშუქებას და სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ერებს შორის. გენოციდის შესახებ განცხადებების გამოძიება, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმირება, განადგურებული სოფლების დოკუმენტურად ასახვა და დევნილების მონახულება უკეთ შეუძლიან დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, და ის, რაც მათ სჭირდებათ, არის არა ორგანიზებული ტურები, არამედ თავისუფალი და უსაფრთხო ხელმისაწვდომობა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)