პარლამენტში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა

დღეს 110 ხმით, ერთხმად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნას.

”ეს კომისია შეძლებს იმუშაოს ისე, რომ პასუხი გასცეს ყველა კითხვას და დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დროებითი კომისია ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებულ სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებებს” შეისწავლის.

პარლამენტი კომისიას დღესვე დააკომპლექტებს და მის თავმჯდომარესაც აირჩევს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციიდან პარტია ჩვენ თვითონ-ის ლიდერი პაატა დავითაია გახდება.

ერთადერთი ვინც ღიად გამოხატა წინააღმდეგობა ამ კანდიდატურის მიმართ ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურიაა.

არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ კომისიის ობიექტურობაში წინასწარ შეაქვს ეჭვი, რადგან მათი განცხადებით, აგვისტოს მოვლენებს შეისწავლიან მმართველი პარტიისა და მისი ”სატელიტი” ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)