რაისი: რუსეთის ვეტო ნატოს გაფართოებაზე შეუძლებელია
რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება ვეტო დაადოს ნატოს წევრობის სამოქმედი გეგმას უკრაინისა და საქართველოსთვის, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 28 სექტემბერს.
”ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო დაადოს ნატოს მომავალს: არც ქვეყნებისთვის წევრობის შეთავაზებაზე, არც ამ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე მიიღონ [ეს შემოთავაზება],” – იტყობინება ”როიტერი” რაისის სიტყვებზე დაყრდნობით.
”ჩვენ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დავეხმარებით საქართველოს… ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მეზობლების დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა რაისმა.
აპრილში ბუქარესტში გამართულ სამიტზე ნატომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამ თემას ნატოს მინისტერიალი დეკემბერში ხელახლა დაუბრუნდება.
რაისმა ასევე გააფრთხილა, რომ აგვისტოს ომმა და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივმა აღიარებამ შესაძლოა შეაფერხოს რუსეთის მცდელობები გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)