ევროკავშირმა თავის ვალდებულება შეასრულა – სოლანა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისთვის რთული იყო მოკლე დროში სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება, მან ეს ვალდებულება სრულად შეასრულა.

სოლანამ ეს განცხადება თბილისში ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას გააკეთა. მისია 1 ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

მან მოუწოდა ”ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო ამ ურთიერთობებში თავისი ვალდებულებები ისევე შეასრულონ”, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა.

8 სექტემბრის შეთანხმებით, რომელიც სარკოზი-მედვედევს შორის გაფორმდა, ევროკავშირის დამკვირვებლების საქართველოში განთავსებიდან – 1 ოქტომბრიდან – ათ დღეში რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიები.

იმავდროულად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე რუსული ძალები ე.წ ”ბუფერული ზონებიდან” უნდა გავიდნენ, შემდეგ კი ”დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე [ევროკავშირის] დამკვირვებლების მეშვეობით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ გავწევთ კონტროლს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”.

”დამკვირვებლების და ჩვენი შეხედულებები 100%-ით ემთხვევა ერთმანეთს,”- განუცხადა მერაბიშვილმა 30 სექტემბერს ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)