ოქრუაშვილის პარტია ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის დატოვეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა ნანა ლეჟავამ და თამარ რუხაძემ.

მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პარტია არა რაიმე უთანხმოების გამო, არამედ იმ მიზნით დატოვეს, რომ ქმნიან ჟურნალისტთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას.

”ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ ყოველკვირეული გადაცემა აქტუალურ თემებზე, რომელსაც შევთავაზებთ ყველა არხს,”- განაცხადა ნანა ლეჟავამ. 

”რუსთავი 2”-ის ყოფილი ტელე-წამყვანი და ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი თამარ რუხაძე ოქრუაშვილის პარტიაში ზუსტად ერთი წლის წინ გაწევრიანდნენ მას შემდეგ, რაც მათ ”რუსთავი 2” 2006 წლის სექტემბერში პროტესტის ნიშნად დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)