შსს-ის თქმით, რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა
30 სექტემბერს, დაახლოებით, 17 საათზე, ახალგორის რაიონის სოფელ ოძისთან ჩამოვარდა რუსული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი, აცხადებს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ოქტომბერს.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, რომ უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ქართული პოზიციების დაზვერვას ახორციელებდა, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ჩამოვარდა.
”ჩვენ ეს თვითმფრინავი არ ჩამოგვიგდია, ის თავისით ჩამოვარდა და ეს ფაქტი ქართველმა პოლიციელებმა დააფიქსირეს,”- აღნიშნა მან.
უტიაშვილის თქმით, რუსული უპილოტო თვითმფრინავი ფოტო კამერით ახორციელებდა გადაღებებს.
თუმცა რუსული მხარე მისი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს.
”მე ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ,”- განუცხადა 1 ოქტომბერს ”ინტერფაქსს” ცხინვალიდან რუსული ძალების წარმომადგენელმა ვიტალი მანუშკომ.
ამ ინციდენტამდე ერთ კვირით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა 22 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებს ხურვალეთსა და წითელუბანს შორის ტერიტორიაზე ჩამოადგეს რუსული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი. თუმცა ეს ინფორმაცია რუსულმა მხარემ მაშინაც კატეგორიულად უარყო.
შსს-ს განცხადებით, ერთი კვირის წინ ჩამოგდებული საფრენი აპარატი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფოტო გადაღებას ახდენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)