ნინო ბურჯანაძის 43 შეკითხვა ხელისუფლებას
ომის დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისა და შემდეგ პერიოდთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას 43 შეკითხვას უგზავნის.
”ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აქვს პასუხი ყველა შეკითხვაზე, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ველით საჯაროდ კონკრეტულ პასუხებს,”- განაცხადა მან 1 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
12 სექტემბერს ნინო ბურჯანაძემ პირველად გააკრიტიკა საჯაროდ ყოფილი თანაგუნდელები და განაცხადა, რომ მის შეკითხვებზე პასუხები იქნება განმსაზღვრელი, თუ რა დოზით დააყენებს ის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ოქტომბერს, მოგვიანებით განაცხადა, რომ შეკითხვების დასმა ბუნებრივი მოვლენაა და ხელისუფლება მზადაა უპასუხოს, როგორც ეს ადრეც გაუკეთებია.
”შეკითხვები ადრეც ისმებოდა და ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით,”- განაცხადა მან.
”თუ ადამიანი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც მიუღებელია დემოკრატიისთვის, ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან ხელისუფლების ნაწილი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოწმე გავხდით იმისა, რომ ხალხი წავიდა ხელისუფლებიდან, რომლებიც შემდეგ გაბრაზდნენ და გამწარდნენ. ჩვენ უნდა მოვითმინოთ ეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ეს კომენტარი გააკეთა ტელე-ჟურნალისტებტან შეხვედრისას მას შემდეგ, რაც მას თხოვეს შეფასება მისი ყოფილი თანაგუნდელების ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ნოღაიდელის და ეროსი კიწმარიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე ხელისუფლების მისამართით.
ნინო ბურჯანაძის მთავარი შეკითხვა უკავშირდება, თუ რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ გაზაფხულიდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მზადების ფონზე, რუსული ფართომასშტაბიან სამხედრო ჩარევა განხორციელდებოდა კონფლიქტურ რეგიონებში და რატომ არ აიცილა თავიდან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ”მიუხედავად საქართველოს მეგობარი ქვეყნების არაერთი და პირდაპირი გაფრთხილებისა – არ წამოვგებოდით რუსულ პროვოკაციას”.
ბურჯანაძეს ასევე აინტერესებს განიხილავდა თუ არა ხელისუფლება ალტერნატიულ გეგმებს და ”რა მიზეზით იქნა ეს გეგმები უარყოფილი?”
იგი ასევე სვამს შეკითხვას ვინ და რის საფუძველზე გასცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანება და რა სამხედრო-პოლიტიკური მიზნით ხორციელდებოდა ის – იყო ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” თუ სხვა რამ.
”თუ რუსეთის სამხედრო აგრესიის შეჩერება შეუძლებელი იყო, რატომ არ იზრუნა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალისა და გორის რაიონის სოფლებიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანის თაობაზე და რატომ შეატოვა ისინი რუს, ოს და ჩრდილოკავკასიელ მარადიორებს?”, – აცხადებს ბურჯანაძე და იქვე კითხულობს, ”დადგა თუ არა იმ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მიატოვა მოსახლეობა?”
მას ასევე აინტერესებს ვინ დაგეგმა და რეალურად ვინ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს; რამდენად ეფექტური იყო კოორდინაცია ომში მონაწილე უწყებების დანაყოფებს შორის და რატომ ხდებოდა ბრძანებების გაცემა მობილური სატელეფონო კავშირის საშუალებით.
”რა კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში თბილისის მერი [გიგი უგულავა] და რის საფუძველზე მიენიჭა მას უფლება გამოეცხადებინა გადაწყვეტილება დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?”
ბურჯანაძე ასევე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ღია ეთერში გაკეთებულ მოწოდებას ”პარტიზანული ომის” წარმოებისკენ, ”მაშინ, როცა სამხედრო შენაერთებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული დაეტოვებინათ ტერიტორია”.
”რის საფუძველზე განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მოსახლეობას, რომ 12 საათით ადრე იგი გააფრთხილებდა ხალხს თბილისზე შეტევის შესახებ, მაშინ როდესაც რუსულ ავიაციას ნებისმიერ დროს შეეძლო იერიში მიეტანა ქალაქზე, ხოლო რუსული ტანკები იგოეთთან იმყოფებოდნენ და მაქსიმუმ ორ საათში იყო შესაძლებელი თბილისზე შეტევის განხორციელება?”, – აცხადებს ბურჯანაძე.
მას ასევე აინტერესებს ვინ გასცა ჯარების უკან დახევის ბრძანება და რატომ განხორციელდა ის ”ქაოტურად, რის შედეგადაც დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ხელში ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს? რატომ არ იქნა განადგურებული უზარმაზარი სამხედრო რესურსი, რომელიც ხელში ჩაუვარდათ მტრებს?”
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ასევე ინტერესდება რატომ არ აგებენ პასუხს უმაღლესი თანამდებობის პირები და სამხედრო ხელმძღვანელობა, ”მაშინ, როდესაც, უკვე დგას ასობით რიგითი ან დაბალი რანგის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”.
ბურჯანაძე ელის პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ”სტრატეგიული” დანიშნულების მქონე და ”აუღებელი” კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვება, ”მიუხედავად იმისა, რომ იქ შსს სპეცდანიშნულების მებრძოლები იმყოფებოდნენ” და რატომ არ იქნა ორგანიზებული თავდაცვის ხაზი ენგურთან.
მისი თქმით, საინტერესოა აღიარებს თუ არა ხელისუფლება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გაცილებით უფრო გართულდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ და აცნობიერებს თუ არა ის ომში დამარცხებას და აქედან გამომდინარე იღებს შემდგომ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ასევე აინტერესებს რატომ ჰყავს საქართველოს უცნობი ჯარისკაცები ”ოთხდღიან ომში”. ოფიციალური მონაცემებით, ომში დაღუპული 43 ჯარისკაცის ვინაობა ჯერ კიდევ ამოუცნობია.
და ბოლოს, ”ვინ უნდა აგოს პასუხი ომის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ შედეგებზე?”- აცხადებს ბურჯანაძე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მზადაა აიღოს ”სრული პასუხისმგებლობა” იმ მოვლენებზე, რაც წინ უძღოდა რუსეთის აგრესიას საქართველოში და ასევე ომის შემდგომ აღმშენებლობასა და მშვიდობის დამკვიდრებაზე.
ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ”არის კითხვები, რომელსაც ჩვენ დღეს შეგნებულად არ ვსვამთ, 15 ოქტომბრამდე, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის წარმართვამდე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)