ოპოზიცია სამოქმედო ტაქტიკაზე მსჯელობს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ”სერიოზული კონფერენციის” გამართვას გეგმავენ, რათა შეიმუშავონ ერთიანი ტაქტიკა, ”თუ როგორ შეიცვალოს სააკაშვილი” და რა უნდა იყოს შემდგომ, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 2 ოქტომბერს.

”ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ და ვაპირებთ სერიოზული პოლიტიკური კონფერენცია გავმართოთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება არსებული კრიზისიდან გამოსავალს და ერთიან სამოქმედო გეგმას. ყველა გზა მიდის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის საჭიროებამდე,” – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას.

მან აღიარა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ტაქტიკაზე უთანხმოება არსებობს, რადგანაც ზოგიერთები – მათ შორის რესპუბლიკელები და კონსერვატორები, უფრო ზომიერ პოზიციას ემხრობიან. მათი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყონებლივ გადადგომის მოთხოვნა არაეფექტური იქნება ამ ეტაპზე და ამის სანაცვლოდ ისინი გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, ვადამდელი არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების ადმინისტრირებით უნდა გაიმართოს.

”თუმცა, ჩვენ, ახალ მემარჯვენეებს მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში,” – განაცხადა გამყრელიძემ, ”და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთი სამართლიანი არჩევნების გარანტირებას შეძლებს, რადგანაც ჩვენ უკვე დავინახეთ რა სახის გარანტის როლი ითამაშა დასავლეთმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა იმ არჩევნების საბოლოო ანგარიში ახლახანს გამოაქვეყნეს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ”.

კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს.

”ჩვენ ცივილიზებული დიალოგი გვინდა ხელისუფლებასთან,” – განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ ამ დიალოგს უნდა მოყვეს ნამდვილი რეფორმები, მათ შორის საარჩევნო სისტემის. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვა, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება საპროტესტო აქციების დაწყების გარდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან გაუცრუა იმედი პრეზიდენტ სააკაშვილის 1 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ. სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს ახლა ”ყველაზე ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა აქვს, ვიდრე ოდესმე”. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ერთიანია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობა კონსტრუქციულად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.

ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, საპარლამენტო უმცირებაში შემავალ პარტიებს და პოლიტიკოსებს ოპოზიციად არ ცნობენ და მათ ხელისუფლების ”სატელიტ პარტიებს” უწოდებენ.

”სააკაშვილის ეს განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ დიალოგის გამართვის შანსები დღითიდღე კლებულობს,” – განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აქვს განზრახვა ”რეალურ ოპოზიციასთან” გამართოს დიალოგი. 

დავით გამყრელიძის თქმით,  მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დიალოგი არანაირ შედეგს არ მოიტანს. ”ხელისუფლება არ წავა კომპრომისზე დიალოგის გზით,” – განაცხადა მან, ”ერთადერთი ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის, საპროტესტო აქციებია”.                             

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)