თორთლაძემ ანტიკრიზისული ინიციატივები წარმოადგინა
ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძემ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ რამდენიმე ინიციატივა გაახმოვანა, მათ შორის საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და ცესკოს ახალი წესით დაკომპლექტების შესახებ.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა დაიწყება მხოლოდ 3 ნოემბრის აჭარისა და შუალედური არჩევნების შემდეგ.
მის მოთხოვნებს შორისაა ასევე ”მაესტროზე” პოლიტიკური დებატების გაშვება; სოფლის დონეზე თვითმმართველობის აღდგენა; მწერალთა კავშირის შენობისა და ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის მფლობელებისთვის დაბრუნება; რეზერვისტთა მომზადების სისტემის რეფორმირება; სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურების შექმნა; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალური დახმარებების გაზრდა.
”მე სისტემატურად მივაწვდი ინფორმაციას საზოგადოებას რა გაკეთდა, რა კეთდება და პერსპექტივაში რა არის მოსალოდნელი,”- განაცხადა მან.
მან ასევე შეახსენა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის შედეგად კანონმდებლობაში აისახება ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატების რეგულარულად გაშვების თაობაზე. ამ არხზე წინასაარჩევნო დებატები, რაც ასევე კანონმდებლობითაა განსაზღვრული, 3 ოქტომბრიდან აღდგა.
თორთლაძის თქმით, ასევე უახლოეს ხანებში მოხდება ინიცირება კანონპროექტის ოპოზიციურ პარტიათა დაფინანსების აღდგენის თაობაზე, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ერთ-ერთი ინიციატივაა.
ანტიკრიზისულ საბჭოს თორთლაძე სექტემბერში ჩაუდგა სათავეში. ამ ფორმატში ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ძირითადად საპარლამენტო უმცირესობიდან, დათანხმდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ უარი თქვა ამგვარ თანამშრომლობაზე იმ მოტივით, რომ ეს ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)