ახალგორის რაიონიდან რუსული ძალების გასვლის ნიშნები არ ჩანს

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ახალგორის რაიონიდან გასვლას რუსული ძალები არ ჩქარობენ იმ ფონზე, როცა სამხრეთ ოსეთის სხვა მიმდებარე ტერიტორიებს და ასევე სამეგრელოს საგუშაგოებს რუსული ძალები დილიდან ტოვებენ.

”ახალგორის სოფლებში შეინიშნება [სანგრების] გათხრები, რომელიც მიუთითებს მათი [რუსი ჯარისკაცების] დარჩენის მცდელობას,”- განუცხადა იაკობაშვილმა 8 ოქტომბერს ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გაყვანის პროცესს ევროკავშირის დამკვირვებლები ადევნებენ თვალს, რაც ”მნიშვნელოვანია”. 

”ვერც ჩვენ და ვერც სხვა ვერ ჩავუთვლით მათ [რუსულ მხარეს] თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, თუ ისინი არ შეასრულებენ მას ბოლომდე და წესიერად,”- აღნიშნა იაკობაშვილმა.

იმავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა დაადასტურა რუსული ძალების გასვლის პროცესის მიმდინარეობა ორივე კონფლიქტური რეგიონის მიმდებარე ტერიტორიიდან და განაცხადა, რომ ”ეს ძალიან დადებითი ნიშანია”.

ჰაბერი დღეს დილიდან პირადად აკვირდებოდა სამეგრელოს სოფლებიდან რუსული ძალების ენგურის ხიდის გავლით გალის რაიონის მიმართულებით გადაადგილებას.

იმავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ გორის რაიონის იმ სოფლებში, მათ შორის კარალეთსა და ვარიანში, საიდანაც რუსული ძალები უკვე გავიდნენ, პოზიციები უკვე დაიკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ რუსული ძალები გასვლის პარალელურად გათავისუფლებულ სოფლებში შედის ”ქართულ პოლიცია თავის სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად”.

”დღეს საღამომდე მთელ ამ სოფლებს, ამ ტერიტორიას გააკონტროლებს ქართული პოლიცია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”როგორც კი რუსი ოკუპანტები დატოვებენ ამ ტერიტორიას, ნახევარ საათში იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ქართული პოლიცია იღებს მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მათ უსაფრთხოების თაობაზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)