სააკაშვილი: ბუფერულ ზონაში 1 600 სახლი განადგურდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 1 600 სახლი ”დაიწვა და განადგურდა” სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიების იმ სოფლებში, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

17 ოქტომბერს გორში ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მთავრობის 18-თვიანი პროგრამის ძირითადი ნაწილი ეხება მოსახლეობის სახლებით უზრუნველყოფას ზამთრის დადგომამდე.

”ჩვენი 18-თვიანი გეგმის პირველი ეტაპი არის სახლების აშენება, გზების გაკეთება, ინფრასტრუქტურის აღდგენა, მაგრამ მთავარი არის დავუბრუნდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ომამდელ ტემპებს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელიც დევნილთა განსახლების პროექტებს კურირებს, ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში 3 984 სახლი შენდება მათთვის, ვინც სამხრეთ ოსეთის შიგნით მდებარე სოფლებიდან გამოიქცნენ; 1 636 სახლი შეკეთდება, ხოლო დამატებით 500 სახლს სახელმწიფო შეიძენს, იტყობინება სამინისტრო.

იმავდროულად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის აპირებს გადააკეთოს უფუნქციო სახელმწიფო შენობები ბინებად იმ 5 000 ადამიანისთვის, რომლებიც დიდი ხანი ვერ დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში.

UNHCR-ის თქმით, 20 000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაბრუნდა იმ ტერიტორიებზე, საიდანაც რუსული ძალები გავიდნენ 8 ოქტომბერს.

”მოვუწოდებთ მათ, ვინც დაბრუნებას აპირებს, ფრთხილად იყვნენ ნაღმებთან და სხვა მოწყობილობებთან მიმართებაში. უკვე დაფიქსირდა გარკვეული რაოდენობის დაშავებულები,” – განაცხადა კომისარიატმა. 

UNHCR-მა ასევე აღნიშნა, რომ  კარვების ბანაკი გორში აიღეს მას შემდეგ, რაც დევნილები დაბრუნდნენ სახლებში ან მათი ნაწილი გადაყვანილ იქნა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)