აჭარაში და თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მიმდინარეობს

3 ნოემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს – არჩევნები მიმდინარეობს.

იმავდროულად, დილიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა თბილისის ორ ოლქში – ვაკესა და დიდუბეში, სადაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ. 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ცნობით, დილის 8 საათიდან აჭარის 334-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ჯერ-ჯერობით დარღვევები არ დაფიქსირებულა. აჭარის ექვს საარჩევნო ოლქში  – ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში – 289 196 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნაცვლად თავდაპირველად დარეგისტრირებული ცხრა პარტიისა, ექვსი პოლიტიკური სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ესენი არიან: ნაციონალური მოძრაობა, გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები, ჩვენ თვითონ, ქართული დასი, მრეწველები, ერთიანი კომუნისტური პარტია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით,  ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა.

18 წევრიდან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება. დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ. საარჩევნო ბარიერი 7%-დან 5%-მდე შემცირდა.

ძირითადი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ, როგორც აჭარის არჩევნებს, ისე შუალედურ არჩევნებს თბილისში. თბილისის არჩევნებში ასევე არ მონაწილეობს მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობა.

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 97 189 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს ქრისტიან-დემოკრატებმა – თამაზ კვაჭანტირაძე; ჩვენ თვითონ – ლევან ასათიანი; და ქართულმა დასმა – კახა ქორიძე. ვაკის ოლქში 71 უბანია გახსნილი.

დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ასევე სამი კანდიდატი იყრის კენჭს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან  – გურამ ჩახვაძე; ქართული დასიდან – ნათია მიქიაშვილი; და სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიიდან – ჯემალ ნათელაშვილი. დიდუბეში გახსნილ 55 უბანში 70 572 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვაკესა და დიდუბეში არჩევნების დანიშვნა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა ახალი მემარჯვენეებიდან – დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ – უარი თქვეს მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატებზე.

არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უწევენ მონიტორინგს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)