სააკაშვილი: საქართველო რჩება ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილად
მიუხედავად ევროკავშირის გადაწყვეტილებისა განაახლოს პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან, საქართველო კვლავ იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ევროკავშირის დღის წესრიგში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ნოემბერს.
”გუშინ, ევროკავშირის [საგარეო საქმეთა მინისტრების] შეხვედრის შემდეგ, მე დეტალური საუბარი მქონდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ მილიბენდთან და მან დამარწმუნა და ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირი-რუსეთის დიალოგში,” – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ვარშავაში 11 ნოემბერს, სადაც იგი პოლონეთის დამოუკიდებლობის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.
”ევროკავშირი ფუნდამენტურად გადახედავს რუსეთთან ურთიერთობებს. მათ ამის შესახებ მიიღეს განცხადება [10 ნოემბერს]. მათ მიიღეს განცხადება იმის შესახებ, რომ ამ გადახედვის პირობებში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველად და ჩვენ ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებთ, იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომ მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს მშვიდობიანი რეინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე ”არ აკანონებს საქართველოში არსებულ სტატუს ქვოს, ან რუსეთის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და პრინციპებს”.
ბრიტანეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დევიდ მილიბენდმა და კარლ ბილდტმა 10 ნოემბერს, ბრიუსელის შეხვედრამდე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების განახლება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ევროკავშირის მიერ რუსეთთან ადრე არსებული ურთიერთობის აღდგენა. ” არც საქართველოში კონფლიქტის გვერდის გადაფურცვლას ვაპირებთ,” – განაცხადეს მათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)