”რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მფლობელი მისი გენერალური დირექტორი გახდა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის აქციათა 30% არხის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა შეიძინა, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 7 ნოემბერს გაგზავნილ  წერილში.

წერილის თანახმად, აქციების 15-15% დათმო ”რუსთავი 2”-ის ორმა დამფუძნებლებმა  – ”გეომედია გრუპმა”, რომელიც ამჟამად, ნაცვლად ადრე არსებული 55%-ისა, კომპანიაში აქციების 40%-ს ფლობს და საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელსაც 45%-ის ნაცვლად აქციების 30% დარჩა.

ამდენად, დამფუძნებლების ცვლილებების შედეგად საკონტროლო პაკეტი არცერთი ცალკე აღებული მფლობელის ხელში აღარ არის. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ჩიქოვანი ტელეკომპანიის ერთ-ერთ მფლობელი გახდა 7 ნოემბერს რადიო ”უცნობთან” ინტერვიუში არხის ყოფილმა მეპატრონემ და საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა გაავრცელა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაემიჯნა ხელისუფლებას.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ”გეომედია გრუპის” აქციებზე წარმომდგენი, რომელიც ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” აქციების 55%-ს ფლობდა.  რაიმე საჯარო ინფორმაცია, თუ ვინ დგას ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ამ კომპანიის უკან, მიუწვდომელია. 

”ის სახელგანთქმული ოფშორი იყო წარმომდგენზე აქციები, რომელიც სააკაშვილის კაბინეტში იდო მის სეიფში. მართლა იდო, ეს ხუმრობის საგანი არ არის; აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,” – განაცხადა კიწმარიშვილმა ინტერვიუში.

2008 წლის მარტში გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში ირაკლი ჩიქოვანმა კითხვაზე, თუ ვინ არის ტელეკომპანიის მფლობელი, განაცხადა: ”არა მგონია საჭირო იყოს დეტალებზე საუბარი”.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანიების –  ”მზე” და ”რუსთავი 2”- აქციების 45%-ის მფლობელი იყო, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური)